რეგიონი
დღეს ანაკლიის პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება
მთავრობის კანცელარიაში დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

პრემიერი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორის, მსხვილი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრას გამართავს, სადაც აშშ-ისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ანაკლიის პორტის გეგმებს განიხილავს.

SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


Print