რეგიონი
ზუგდიდში სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება
საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისთვის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი განიხილეს დღეს გამართულ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე. ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საჭადრაკო სკოლაში უკვე 180-მდე მოსწავლე ირიცხება და აღნიშნული შენობა მოსწავლეებს ვერ იტევს. მისივე თქმით, არსებულ შენობას ერთი სართული დააშენდება და ორსართულიანად გადაკეთდება.

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობას, როგორც საკრებულზე აღნიშნეს, ის წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადისთვის ახალი შენობა გამსახურდიას ქუჩის პირველ შესახვევში, დევნილთა პოლიკლინიკის მიმდებარედ იგეგმება.

ზემოაღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს. მშენებლობისთვის თანხები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს. საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქციის პროექტის ღირებულება 750 ათას ლარს შეადგენს, ხოლო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობისთვის 416 ათასი ლარია საჭირო.



Print