რეგიონი
GEMFest-ის ადმინისტრაცია ფესტივალის სტუმრის გარდაცვალებაზე: ინფორმაციას არ ვფლობთ
GEM Fest-დან საავადმყოფოში გადაყვანილი უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფესტივალის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" GEMFest-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

"ფესტივალის გახსნის დღიდან დღემდე საფესტივალო სივრცეში არცერთი სიკვდილიანობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ინფორმაციას არ ვფლობთ. გვყავს შესაბამისი ორგანოები ამ ქვეყანაში, რომელთაც უნდა მიმართოთ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოთ", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, GEMFest-ის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მედ-პუნქტი ოპერირებს, რომელიც სტუმრებს ყველანაირ დახმარებას უწევს, საჭიროების შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარებას იძახებს. რაც შეეხება მათ უსაფრთხოებას, ტერიტორიაზე შსს-ის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს.

"ჩვენ ფესტივალის შესასვლელის ორივე მხრიდან მაქსიმალურად ვახდენთ კონტროლს პრევენციის მიზნით. რაც შეეხება GEMFest-ს ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირის დაკავებას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ფესტივალის ორგანიზატორები. ჩვენი კომპეტენცია არ არის მსგავსი შემთხვევის მოძიება, მოკვლევა, ექსპერტიზა და დასჯა. პირობითად ვამბობ. ასეთი ფაქტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაფიქსირდა და შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ რეაგირება და თუკი ნარკოტიკით ვაჭრობის ფაქტი დაფიქსირდება, მომავალშიც ექნებათ", - განმარტეს პრესსამსახურში.

GEMFest-დან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანის გადაყვანის ფაქტთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.

"ვერაფერს გეტყვით, ფიზიკურად არ ვფლობთ ინფორმაციას", - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის სულხან ორჟონიას თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 29 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტი ანაკლიიდან დაუზუსტებელი ნივთიერებების ტოქსიული მოწამლვით არის მოყვანილი. მდგომარეობა მძიმე, მაგრამ დინამიკაში სტაბილური", - განაცხადა ორჟონიამ.

რადიო „ათინათის“ წყაროს ინფორმაციით კი, ანაკლიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დილიდან ხუთზე მეტი ადამიანი შემოიყვანეს. მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა, 22 წლის გოგონა კი გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

GEM Fest-დან საავადმყოფოში გადაყვანილი უგონოდ მყოფი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ანაკლიიდან ტოქსიკური მოწამლვით ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანია მოთავსებული
Print