ახალი ამბები
ლალი ანთია: ერთ კვირაში გავასაჯაროებ, ვინ წაართვა წყალი რიყელებს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქე ლალი ანთიამ ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, მომავალ კვირაში ე.წ. წყლის მილების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მის ხელთ არსებულ ცნობებს მიაწვდის.
ანთია ე.წ. წყლის მილების საქმეზე უზენაეს სასამართლოში გამართლდა, რაც მისივე თქმით უდანაშაულობას ამტკიცებს. მან სამეგრელოს გუბერნატორს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის დისკრედიტაციას ცდილობს საარჩევნოდ.

„ჩემი შვილი, გიზო სართანია ოდიშში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები გააქტიურდნენ სოციალურ ქსელებში და მილების ქურდად მომიხსენეიბენ. აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ამომეწურა. სად იყო სამხარეოს უფროსი ლევან შონია, თუ მე დღისით, მზისით, მილებს ვიპარავდი? ყველაფერს, ყველა სახელსა და გვარს, ქურდისა და გამნადგურებლის, ერთი კვირაში ვიტყვი“, - თქვა ანთიამ.

თავის მხრივ, გუბერნატორის ადმინისტრაციაში ლალი ანთიას განცხადებას ტყუილს უწოდებენ.

„განცხადებას, რომელსაც სიმართლესთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

სოფელ რიყიდან სასმელი წყლის 3 კმ-მდე სიგრძის მილი, 2013 წლის დეკემბერში თვითნებურად ამოიღეს. დანაშაულზე რამდენიმე პირია დაკავებული.

ამავე თემაზე:

"ქალები მშვიდობისთვის" ლიდერი ლალი ანთია დაკავებულია

ლალი ანთია რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს


Print