ახალი ამბები
გადააბრძანებენ თუ არა მარიამობას ღვთისმშობლის სამოსელს ხობში, კვლავ უცნობია (ვიდეო)
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგის შეხვედრა დასრულდა. მეუფე ვახტანგმა ღვთისმშობლის შესამოსლის ხობში მოსალოცად გადაბრძანებასთან დაკავშირებით ზუგდიდელების აზრი მოისმინა. მისი თქმით, ის ადგილზე წმინდა სინოდის დავალებით ჩამოვიდა.

„გადაწყვეტილების მისაღებად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი, რომ მოვისმინო ეპარქიისა და ხალხის აზრი. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. რეზიუმეს მოვახსენებ უწმინდესსა და წმინდა სინოდს და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე ვახტანგმა.



მეუფე გერასიმეს განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა უნდა მიიღოს, თუმცა, შეიკრიბება თუ არა სინოდი 28 აგვისტომდე, უცნობია.

„შარშანაც არ შეკრებილა წმინდა სინოდი, თუმცა საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინა მრევლის თხოვნა და სამოსელი ზუგდიდიდან არ გასულა“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მრევლის პოზიციას ითვალისწინებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც. მისი თქმით, ქალაქის მერია წმინდა სინოდისთვის გადასაცემ წერილს ამზადებს.

"მე მაშინაც ვბრძანე, რომ მაქვს უფლება ვილაპარაკო ხალხისა და მოსახლეობის სახელით, იმიტომ რომ ვარ ღვთისმშობლის ქალაქის მერი. ღვთისმშობლის კვართი უნდა იყოს ზუგდიდში და უნდა დამთავრდეს ეს სპეკულაცია", - თქვა გოგოხიამ.



შეხვედრას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეუფის რეზიდენციის შენობასთან მრევლმა შეკრება დღეს 16:00 საათიდან დაიწყო. ისინი, სასულიერო პირებთან ერთად, ღვთისმშობლის კვართის მარიამობას ხობში გადაბრძანებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამოსელი ზუგდიდიდან არ უნდა გავიდეს.



არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მშენებარე ტაძრის ეზოში მრევლი ისევ შეიკრიბა

მეუფე გერასიმე: საპატრიარქოში შესულია წერილი, რომ ღვთისმშობლის სამოსელი „მარიამობას“ ხობში გადააბრძანონ (ვიდეო)

ზუგდიდში მშენებარე ტაძარში მრევლია შეკრებილი
Print