ახალი ამბები
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ტყაიაში ერთი ადამიანი დააკავეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში რუსმა სამხედროებმა წუხელ ერთი პირი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამგებლის ედემ კეკუტიას თქმით, სოფლის მკვიდრი სათევზაოდ იყო წასული. მისივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარზე გავლებული მავთულხლართები გადმოლახეს და მდინარეზე არსებულ კუნძულზე კარავი გაშალეს.

„მათ "საზღვარი" გადმოლახეს და კარავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაშლილი. როგორც აფხაზეთში მცხოვრები ახლობლები გვეუბნებიან, ამჟამად დაკავებული გალის იზოლატორშია“, - აღნიშნა კეკუტიამ.

სოფელ ტყაიას მაცხოვრებლის დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

„ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, - განუცხადეს რადიო „ათინათს“ სუს-ში.

ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის, სოფელ პალურის მკვიდრი უ.სამუშია დააკავეს.


ამავე თემაზე:

სავარაუდოდ რუსმა სამხედროებმა წალენჯიხის მკვიდრი დააკავეს
Print