რეგიონი
პრიმორსკოეს მცხოვრებლები ეზოებში მიმოფანტული ჭურვების გაუვნებელყოფას ითხოვენ
გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეს მცხოვრებლები სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი ნაღმებისა და ჭურვების გაუვნებელყოფას ითოხვენ. ამ მოთხოვნით, მათ გზის გადაკეტვაც კი სცადეს, თუმცა, აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მათ სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაესაუბრა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„აფსნი ლაიფის“ ცნობით, დაზარალებულები, აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენასაც ითხოვენ. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია 120 - მდე სახლი, მათ შორის 60 - კრიტიკულ მდგომარეობაშია - მოგლეჯილია სახურავები, კარები და ფანჯრები.

ადგილზე მისულმა დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინიტრმა მერაბ ქიშმარიამ სოფლის მცხოვრებლებს განუცხადა, რომ ეზოებს ჭურვების ნამსხვრევებისა და ნაღმებისგან ერთი კვირის განმავლობაში დაასუფთავებენ. 

ადგილობრივების თქმით, მათ ბოსტნებსა და ბაღებში ამ დრომდე რჩება საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი ნაღმები და ჭურვები, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს ამოქმედდნენ.

გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობში 2 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. 60 - მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, მათგან ნახევარზე მეტი - რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

Print