ახალი ამბები
გამგეობა აზიური ფაროსანას შესაწამლად სახელმწიფოს 296 654 ლარის პრეპარატს უბრუნებს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უსასყიდლოდ 8 951 ლიტრ პრეპარატს გადასცემს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საუბარია ინსექტიციდი ზონდერზე, რომლის ღირებულება 296 654 ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის თავმჯდომარის გიორგი კუკავას თქმით, პირველი წამლობის დროს დარჩენილ პრეპარატს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპისთვის გამოიყენებენ.

„წამლობის მეორე ეტაპი, რა თქმა გრძელდება და ეს პრეპარატიც მუნიციპალიტეტის სოფლებში ფართობების შეწამლვას მოხმარდება“, - აღნიშნა კუკავამ.

ცნობისთვის, 1 ჰა-ზე თხილნარის ფართობის დამუშავებას, 0,6 – 1 ლიტრამდე პრეპარატი ესაჭიროება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გასულ კვირაში განაახლა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია 30 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, დაახლოებით, 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მტკიცებით, მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული.


Print