ახალი ამბები
ეროვნული რეკორდი - ახუთში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯი დაამზადეს (ფოტო)
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში, კუხალეიშვილების ოდაში, ყველის ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული რეკორდი დაამყარეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ჩატარებულ ღონისძიებაზე ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯი დაამზადეს. საქართველოს რეკორდების ფედერაციის გენერალური მდივანის მამუკა ორმოცაძის თქმით, კერძის სიგრძე 14, 8 მ. იყო, სიგანე კი 35 სმ.



ფედერაციამ გამგეობას სერთიფიკატი გადასცა.



გამგებლის დათო გოგუას თქმით, კუხალეიშვილების ოდაში ფესტივალის გამართვა სიმბოლურია.



"ეს ოდა სამი საუკუნისაა. ზოგადად, სოფელი ახუთი ყველთან დაკავშირებული ტრადიციებით გამოირჩევა. თუკი ოდესმე ეს რეკორდი გაუმჯობესდა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ისევ ჩხოროწყუში მოხდება", - აღნიშნა გოგუამ.

გარდა რეკორდისა, დღეს კუხალეშვილების ოდაში სხვადასხვა სახეობის ყველი და მისგან დამზადებული ნივთები იყო წარმოდგენილი. მეგრული კერძების დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.



ეროვნული რეკორდის დამყარების ცერემონიას ადგილობრივები, ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი  სტუმრები დაესწრნენ.
Print