ახალი ამბები
ჟურნალისტისა და საჯარო მოხელეების განსხვავებული ჩვენებები კორცხელის საქმეზე
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის 5 მოწმე დაიკითხა, მათ შორის ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესისა“ და რადიო „თავისუფლების“ჟურნალისტი თამარ ზანთარაია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა.

ჟურნალისტის თამარ ზანთარაიას თქმით, ინციდენტში სწორედ სასამართლოს დარბაზში მყოფი. ბრალდებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, თუმცა მას სახელები და გვარები არ დაუკონკრეტებია. მან პროცესზე აღნიშნა, რომ სპორტული აღნაგობის ადამიანები ადგილზე პერიოდულად ჩნდებოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება კი ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოჩენის შემდეგ დაიწყო.

„მელია რომ მოვიდა, იყო რაღაც დუდუნის მსგავსი და მერე პირდაპირ დაარტყეს მელიას. აქცენტი იყო ძირითადად რამდენიმე ლიდერზე, რომლებიც, თავის მხრივ, თავდაცვის რეჟიმში იყვნენ. სპორტსმენები სხვადასხვა უცენზურო შეძახილით მისდევნდნენ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულწილად დაუცველობის განცდა იყო, რადგან ადგილზე მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცავი იყო მობილიზებული, თუმცა, ისინი მართლა თავდადებით ცდილობდნენ წესრიგის დაცვას“, - აღნიშნა ზანთარაიამ.



ჟურნალისტის დაკითხვის დროს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ბრალდებულების ადვოკატს ზურაბ ბელთაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ კითხვები აღელვების გარეშე დაესვა. ბელთაძის გაღიზიანება კი ზანთარაის სიტყვებმა გამოიწვია, როცა, მისი თქმით, ჟურნალისტებმა სპორტსმენებს მათი იქ ყოფნის მიზეზი ჰკითხეს. ადვოკატი დაინტერესდა, რატომ არ დაუსვეს მსგავსი კითხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რაზეც ზანთარაიამ უპასუხა, რომ ეს კითხვა ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებსაც დაუსვეს, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება გააკეთეს.

„ჟურნალისტები, ბუნებრივია, ვცდილობდით, გაგვერკვია, რას აკეთებდნენ სპორტსმენები საარჩევნო უბნის სიახლოვეს, თუმცა სხვადასხვა პასუხი მივიღეთ. ზოგადად, ჩვენ მიმართ აგრესიულები იყვნენ, კამერა რამდენჯერმე დამიხურეს, მუშტებით გვემუქრებოდნენ, გვაგინებდნენ“, - თქვა პროცესზე ჟურნალისტმა.

ზანთარაიასგან განსხვავებული ჩვენება მისცეს სასამართლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ასევე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა თემურ ჭითანავამ.

სოსო ლაგვილავას თქმით, ბრალდების სკამზე არა სპორტსმენები, არამედ ის პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ, ვინც ინციდენტის პროვოცირება მოახდინა.

მათივე მტკიცებით, ფიზიკური დაპირისპირება ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერის ნიკა მელიას გინებას მოყვა.

„თურმე, იგინებოდა, ჩხუბობდა იმ ადამიანებთან, ვინც იქ იყო. ამას ამბობდა ადგილზე მყოფი ხალხი“, - აღნიშნა მაიზერ ნანავამ. მისი თქმით, მას ბრალდებული სპორტსმენები იქ არ უნახავს.

„მელია გვაგინებდა ყველას, რასაც გულანთებული ახალგარზდების მხრიდან გულანთებული პასუხი მოყვა. ამ ჩხუბის გამო წავაგეთ იმ დღეს არჩევნები“, - თქვა ჭითანავამ.

მან პროცესზე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნის სიახლოვეს"ნაციონალური მოძრაობის" მანქანა იყო, სადაც ხელკეტები იდო, თუმცა მას ეს ადგილზე არ უნახავს. 

"ეს კადრები ტელევიზიით ნახა ყველამ და მეც", - თქვა ჭითანავამ.

ნიკა მელიას მხრიდან გინების ფაქტთან დაკავშირებით, ზანთარაიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ იქ მყოფი ადამიანებისგან მანაც გაიგო, თუმცა, თავად მას მელიას გინება არ გაუგია.

პროცესის დასრულების შემდეგ მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. შემდეგი პროცესი მოსამართლე შოთა ბიჭიამ 2 ოქტობერს ჩანიშნა.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.



Print