ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: პორტის მთავარი საზღვაო სამუშაოები, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება (ვიდეო)
ანაკლიის პორტის მშენებლობის მთავარი საზღვაო სამუშაოები, დაახლოებით, მაისში დაიწყება, მანამდე კი ის სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც სახელმწიფო ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ახორციელებს. ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განაშენიანების რეგულირების გეგმა ერთხმად დაამტკიცა. აღნიშნულ გეგმაში პორტის მშენებლობის ფაზები, მიმდევრობა და პროცესია ასახული. სხდომაზე პრეზენტაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ საკრებულოს წევრებს გეგმის სხვადასხვა ფაზა გააცნეს და კითხვებსაც უპასუხეს.



საკრებულოს წევრები პორტის მშენებლობის ვადებითა და დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოწადინებულია, რომ, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დასაქმდეს ამ სამუშაოებზე, მიიღოს მონაწილეობა მშნებლობასა და ოპერირებაში. რაც შეეხება ვადებს, ველოდებით, რომ 15 ნოემბერს გაიცემა სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც დაიწყება რესურსების მობილიზება“, - აღნიშნა მირცხულავამ.

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ის ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Print