ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიისთვის მასალების განთავსების ადგილები განისაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებისთვის სააგიტაციო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით განკარგულება მიიღო.

სამართლებრივი აქტის თანახმად, ზუგდიდის რაიონის სოფლების ცენტრებში სპეციალური სტენდები განთავსდება, სადაც საარჩევნო სუბიექტებს შეეძლებათ გააკრან პლაკატები.

„თითო საარჩევნო სუბიექტსა და კანდიდატს სამი პლაკატის ზომით 42/60-ზე განთავსების უფლება აქვს“, - აღნიშნა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა.

გარდა ამისა, საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, ასევე მგზავრთა მოსაცდელებსა და გარე-განათების ბოძებზე.

განკარგულებაში წინასაარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით მოცემულია გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები. პლაკატების გაკვრა არ შეიძლება საკულტო ნაგებობეზე, ძალოვანი უწყებების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სუს-ის, დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობებზე, კერძო მესაკუთრეების შენობებზე მათი ნებართვის გარეშე და საგზაო ნიშნებზე.

წინასაარჩევნო სარეკლამო პლაკატების ჩამოხსნა სუბიექტებმა არჩევნების დასრულებიდან არა უმეტეს 15 დღეში უნდა უზრუნველყონ.

ნატა პაპასკირის თქმით, შესაბამის განკარგულებას შემდგომი კონტროლისთვის ცესკოსა და ძალოვან უწყებებს გადაუგზავნიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

Print