ახალი ამბები
მინისტრი აზიურ ფაროსანაზე: კომპენსაციისთვის შესაძლებლობები ამ ეტაპზე არ მოიძებნება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს სოფელ რიყეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერების თხილნარები მოინახულა. მისი შეფასებით, სხვადახსვა ნაკვეთში განსხვავებული მდგომარეობაა, რაც შეეხება კომპენსაციას, მისი თქმით, ამას დიდი რესურსი სჭირდება.

"არის ნაკვეთები, სადაც გადარჩენილია მოსავალი, არის ნაკვეთები, სადაც ზარალი დიდია. კომპენსაციებს რაც შეეხება, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან შესაბამისი რესურსი არ არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ჩარევებით კონკურენტუნარინობაზე გავლენის შესახებ", - აღნიშნა მინისტრმა.

ის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას რიყის გარდა, სენაკსა და აბაშაში გაეცნო.

მინისტრმა სიმინდის და თხილის ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. მან შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ფერმერებისგან მოისმინა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოც მოინახულა.

“აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს. სახელმწიფოს აქვს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობაც მზად არის აქტიურად ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში . პირველ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა თხილის ფართობები და თანმიმდევრულად ჩატარდება სხვა კულტურებშიც. ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება რათა მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შევამციროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Print