ახალი ამბები
ზედა ეწერის გამგებელი: მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება (ვიდეო)
ზედა ეწერში გამგებლის წარმომადგენელი ირაკლი თორდია ე.წ. სვანეთის უბნის მცხოვრებლებს სამარშუტო ტაქსის დაყენებასა და გზის მოხრეშვას დაპირდა, რათა მათ ცენტრალურ საავტომობილო გზამდე ფეხით კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა არ მოუწიოთ. ამის შესახებ მან ხერგიანი ქუჩის მოსახლეობას დღეს უთხრა.

„გარკვეული ოჯახებიდან იყო პრეტენზია გზასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გავიარე მუნიციპალიტეტთან და გადაწყდა, რომ ჯერ მოვხრეშავთ გზას და შემდეგ დავაყენებთ ტრანსპორტს, რომელიც დღეში ორჯერ, ამ უბანსა და ზუგდიდს შორის იმოძრავებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თორდიამ.




მისივე თქმით, ამ დრომდე გამგებლისთვის ადგილობრივებს მსგავსი მოთხოვნით ოფიციალურად არ მოუმართავთ.

თავის მხრივ, სვანეთის უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან ამ პრობლემაზე, უკვე მეორე წელია საუბრობენ, თუმცა, დღემდე მოუგვარებელია.

„გვინდა, რომ იყოს პირდაპირ გზა ცენტრალურ გზამდე გასასვლელი. როცა რაღაც ტვირთი გვაქვს, ტაქსის დაქირავება გვიწევს. გამგებელი დაგვპირდა, რომ არჩევნებამდე, მოკლე ხანებში სამარშუტო ტაქსს დააყენებენ, მაგრამ პირდაპირი გზის გახსნის იმედი არ გქონდეთო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფრიდონ აფრასიძემ.

დღესვე ხერგიანი ქუჩაზე აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა ის არ შედგა.

„ხალხმა იცის, რომ აქციების გამართვას აზრი არ აქვს, რადგან არანაირი იმედი არ გვაქვს, რამდენჯერ გაგვიცრუვდა იმედი“, - თქვა მედიკო ფირცხელანმა.




სვანეთის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი გამგებლის წარმომადგენელს შეხვდნენ და მისგან არსებული პრობლემის მოგვარების პირობა მიიღეს.

ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლების ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მისასვლელი იმ პირდაპირი გზის გაჭრას ითხოვენ, რომელიც ორი წლის წინ, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ფართობები მამა-შვილ ზაქარაიებმა შეიძინეს. მათ აქ თხილნარი გააშენეს. ანურ და გიორგი ზაქარაიები ამბობენ, რომ ეს მათი კერძო საკუთრებაა და პრეტენზიების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლიათ სასამართლოს მიმართოს.


ამავე თემაზე:

ზედა ეწერში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუქარაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
Print