ახალი ამბები
შსს ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს ეძებს
შს სამინისტრო გუშინ რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს ეძებს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ უწყებაში დაუდასტურეს.

„მიმდინარეობს ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადეს შსს-ში.

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას თქმით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ბინაზე გაეწერება და სახლში განაგრძობს მკურნალობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჭეჟიამ.

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

რუსთაველის ქუჩაზე შუახნის ქალს ავტომობილი დაეჯახა
Print