რეგიონი
"ძალა ევროპაშია" - კამპანია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (ვიდეო)
“საერთაშრისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში გამართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ევროკავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსული პროპაგანდა გახშირდა, რაც ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

„ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დაუახლოვდეს ევროკავშირს და გახდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო. განსაკუთრებით ძლიერია საქართველოს რეგიონებში რუსული პროპაგანდა. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი ჩვენ გვაძალებს გარკვეული რეგულაციების მიღებას, თითქოს არ გვეხმარება... ავრცელებენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მათი მოთხოვნაა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირი პატივს არ სცემს ჩვენს კულტურას და ა.შ. ევროკავშირი პატივს სცემს განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებულ კულტურებს. გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ენა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გამართავს, “საერთაშრისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კამპანიას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მართავს.

Print