ახალი ამბები
ზუგდიდში ფასიან ავტოსადგომებზე ყოველთვიური და ყოველწლიური აბონემენტი დაწესდა
ზუგდიდის ათზე მეტ ცენტრალურ ქუჩაზე ფასიანი პარკირების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია სპეციალური ნიშნების - „ფასიანი ავტოსადგომისთვის“ განთავსება და ადგილების მონიშვნა. სამუშაოებს აქციონში გამარჯვებული კომპანია „თაუნ პარკი“ ასრულებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს და პარკინგის მოწყობა 8 თვეში დასრულდება.

სს „თაუნ პარკი“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის სპეციალურ გადასახადებს დააწესებს. გარდა ყოველდღიური გადასახადისა, რომლის დაზუსტებაზე კომპანია მუშაობს, იქნება ყოველწლიური და ყოველთვიური აბონემენტები, რომელთა ღირებულება ერთი წლის განმავლობაში - 60, ხოლო თვის მანძილზე - 20 ლარი იქნება.



„ასევე იგეგმება ისეთი ადგილების მოწყობა, სადაც იქნება საათობრივი გადასახადი, მაგალითად, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც მომხმარებელს, ფაქტობრივად, არ გააჩნია ავტომანქანის დაყენების საშუალება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ „თაუნ პარკში“.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანებისთვის პარკინგის სპეციალური ადგილების გამოყოფის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის ადგილები უკვე გამოიყო.

„თაუნ პარკში“ აცხადებენ, რომ მეთვალყურეები, რომლებიც ამ დრომდე არაოფიციალურად მუშაობდნენ და ავტომობილებს მეთვალყურეობას უწევდნენ, მაქსიმალურად შეინარჩუნეს და დამატებით ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნიან.




კომპანიას მიწა ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკი“ ყოველწლიურად 203 000 ლარს შეიტანს.

„თაუნ პარკმა“ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, პარკირება ქალაქის შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: კედიას, კიკალიშვილის, ნარმანიას, რუსთაველის, კიტიას, მარცხენა სანაპიროს, გ. გულუას, კოსტავას, ი.მეუნარგიას, აღმაშენებლის, ასევე, ქუჯისა და კედიას ჩიხებსა და ზვიად გამსახურდიას გამზირზე.

ამავე თემაზე:

პარკირებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ შემოთავაზება მიიღო (ვიდეო)

Print