ახალი ამბები
ზუგდიდის გამგებლის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა ოპოზიციის გარეშე (ვიდეო)
ზუგდიდის გამგებლის მუშაობის 9-თვიანი ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. ანგარიში ლაშა გოგიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამგეობის მიერ ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებსა და იმ ადამიანებს წარუდგინა, ვისაც დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენებული სახლების სიმბოლური გადასაღებები გადაეცათ.

ზუგდიდის გამგებელმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს 9 თვის განმავლობაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გოგიას ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრიდან ინფრასტუქტურულ პროექტებზე სულ 36 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ყველაზე მთავარი არის გზების მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე, წყლის სისტემის, ხიდების მშენებლობა. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ცნობილია იმით, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელ სახლს ვუშენებთ“, - აღნიშნა გოგიამ.

გარდა ამისა, გამგებელმა სოციალურ პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პროგრამებით 9 თვის განმავლობაში 6 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 ათას ლარამდე გამოიყო.



შეხვედრის მონაწილეებმა გოგიას კითხვებიც დაუსვეს, მათ შორის, სოფლებში მგლების შემოსევის შესახებ, რაზეც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ უპასუხა, რომ რამდენიმე მგელი უკვე მოკლულია და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.

რაც შეეხება კითხვას ახალგაზრდების დასაქმების შესახებ, ლაშა გოგიამ განმარტა, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის პროცესში ადგილობრივების დასაქმება იგეგმება და ის ზუგდიდელებს რეკომენდაციებს გაუწევს.

გარდა ამისა, გოგიამ შეკრებილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი პროექტიც გააცნო, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლების დაფინანსებას გულისხობს. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 3 სტუდენტს დააფინანსებს, რომელიც თავის მხრივ ვალდებული იქნება უცხოეთში მიღებული განათლება საკუთარი ქალაქის განვითარებას მოახმაროს.

დღესვე გამგეობის წარმოამდგენლებმა ფოტო-კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში 9-თვიანი ანგარისის წარდგენა, დახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სახლის სიმბოლური გასაღებები 4 თვით ადრე გადასცა (ვიდეო)



Print