ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დღეიდან ავიაცია ერთვება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში დღეიდან ავიაცია ჩაერთვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელოსა და გურიაში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.

სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, უსაფრთოხების ზომიდან გამომდინარე, მოერიდონ და პირუტყვიც მოარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით, მავნებლის პოპულაციის ზრდა დიდ მასივებში აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოებისთვის სპეციალური ტექნიკა ისევ მობილიზებულია და ამ დროისთვის 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.



Print