რეგიონი
გეოლოგები: ურთას მთის სიახლოვეს მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრება
სოფელ ხამისკურში, ურთას მთის მიმდებარედ ღვარცოფის შედეგად დამეწყრილი ადგილები გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა დაათვალიერეს. სპეციალისტების თქმით, მთის ჩამოშლის საშიშროება არ არსებობს.

"მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს. ჩვეულებრივი ღვარცოფული ხევია და ის არ გამოირჩევა დიდი მასშტაბებით. რაც არ უნდა ძლიერი წვიმა მოვიდეს, ზედა ნაწილში არ არის დიდი მასა, რომ რამე საშიში ვითარება გამოიწვიოს. ეს გზა არის გრუნტის და მას ყოველდღიური მიხედვა სჭირდება, განსაკუთრებით, წვიმების შემდეგ" - უთხრა რადიო "ათინათს" გეოლოგმა ზურაბ კვარაცხელიამ.

ადგილზე იმყოფებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი ხამისკურში ავთანდილ ქირია და გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯამბულ თოლორდავა. მათი თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას უსახსრობის გამო ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ვერ აღადგენენ.



"სტიქია ამ სოფელში ივნისის თვეში იყო. გამგეობაში შეიქმნა დამთვლელი კომისია. დაითვალეს ზარალი. მთავრობა საქმის კურსშია და ველოდებით დაფინასებას", - აღნიშნა ავთანდილ ქირიამ.

ზემოაღნიშნულ სოფელში გასულ თვეებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად  გზის რამდენიმე მონაკვეთი დაიმეწყრა. ამ დრომდე ჩახერგილია გზა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახლამდე ავტომობილებით მისვლას ვერ ახერხებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ წვიმების შემთხვევაში მთიდან ნაშალი მასა საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მათ საცხოვრებელ კარ-მიდამოსაც დააზიანებს.


Print