რეგიონი
ცესკო სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე მიაწვდის (ვიდეო)
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება დღეიდან ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ. ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს სმენადაქვეითებულთა ზუგდიდის ფილიალში გაიმართა. შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები და ყრუთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა ვიდეო ზარის მნიშვნელობასა და სერვისით სარგებლობის შესახებ ესაუბრა.

„სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიღება შეეძლებათ. მათ ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. სერვისი 2017 წელს დაინერგა“, -აღნიშნა სიჭინავამ.

ყრუთა კავშირის პრეზიდენტის ამირან ბატატუნაშვილმა განცხადებით, ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიდეოზარით სარგებლობას რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლებიც შეძლებენ. მისივე თქმით, ჟესტური ენით ინფორმაციის მიღება სმენადაქვეითებილი ადამიანების არჩევნებში სრულფასოვნად ჩართულობას შეუწყობს ხელს.
Print