რეგიონი
მოსახელობას აზიური ფასოსანას შესაწამლ პრეპარატს დაურიგებენ
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატს გადასცემს, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პირველი ეტაპი გულისხმობდა თხილის ფართობების დამუშავებას და მასშტაბური ღონისძიებები გატარდა. დამუშავდა დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი. ამის შემდეგ როდესაც მავნებელი გადავიდა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, სააგენტო მთელი ძალებით ჩაერთო მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში”, - განაცხადა ნიკა მესხმა.

მისივე თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს, რომელშიც 40 ერთეულამდე ტექნიკა და ავიაციაცაა ჩართული.
ნიკა მესხის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ასი ათასამდე ჰექტარი აქვთ დამუშავებული. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იმ ადგილებში, სადაც ღონისძიებები გატარდა, ეფექტი მაღალია. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის ჩართულობაც.

“ჩვენ ამისთვის მოსახლეობას გადავცემთ პრეპარატს, რომელიც ყველაზე ეფექტურია ამ მავნებლის წინააღმდეგ და ისინი თავიანთი ძალებით ჩაერთვებიან ღონისძიებებში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა მექანიკური ბრძოლის მეთოდითაც. მექანიკური ბრძოლის მეთოდი გამოიხატება ძალიან მარტივი კონსტრუქციის ყუთების დამზადებაში, სადაც ეს მავნებელი შედის და მექანიკურად უნდა განადგურდეს. ასევე სახლის პირობებში მის შეგროვებასა და დაწვაში”, - განაცხადა ნიკა მესხმა.

როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობას ასევე გადაეცემა ბროშურები, სადაც ახსნილი იქნება, თუ რა წესები უნდა დაიცვან პრეპარატის გამოყენებისას. ნიკა მესხის განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი “ბიფენტრილი” თურქული წარმოებისაა.



Print