ახალი ამბები
სუბარი ე.წ. ფორმა 9-ის გაუქმებაზე: არ აქვს მნიშვნელობა, რა სურთ მმართველებს მოსკოვიდან (ვიდეო)
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარიას განცხადებას ე.წ. ფორმა 9-ის მოსალოდნელ გაუქმებასთან დაკავშირებით გამოხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაშისტური რეჟიმის ქმედებებს უტოლდება.

„საოკუპაციო რეჟიმის მიზანია, ბოლომდე მიიყვანონ ეთნიკური წმენდა და მოახდინონ ასიმილაცია, მიუხედავად იმისა, რა სურს მმართველს ელიტას მოსკოვიდან, ეს არ შესრულდება. აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები და სხვა ეროვნების ადამიანები კარგად ხედავენ, რა მოაქვს მათთვის საქართველოს სახელმწიფოს და რა სარგებელი იქნება მათთვის საქართველოს სახელმწიფოსთან შეერთებას. რუსეთი ხიდების გადაკეტვით, გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ფაქტობრივად, სამოქალაქო უფლებებს ართმევს ამ ადამიანებს, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა სუბარმა.

გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის უფლების გაცემის პროცესი განახლდა, ამის შესახებ რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველი იანვრიდან საბჭოთა პასპორტი და ე.წ. ფორმა N9 ძალადაკარგულად ჩაითვლება და ენგურის ხიდზე გადასვლა მათ მხოლოდ „ბინადრობის მოწმობით“ ან ე.წ. აფხაზური პასპორტით შეეძლებათ.

Print