ახალი ამბები
დევნილი: მირჩევნია აფხაზეთში მომკლას ტყვიამ, ვიდრე ზუგდიდში ქვამ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ საავამდყოფოში ჩასახლებულ დევნილებს სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე, ე.წ. გამშვებპუნქტზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები დროებით საცხოვრისებში დაბრუნდნენ, თუმცა თქვეს, რომ თუ დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა მათ არ შეხვდება, ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავლენ.

„თუ არ მოვა და არ შეგვხვდება ჩილაჩავა, აუცილებლად გადავალთ, დღეს ორნი ვიყავით, მაგრამ უფრო მეტნი ვიქნებით“, - აღნიშნა ნანი შონიამ.

თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, მას დევნილებთან კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს ჰქონია.

„დეკემბერში დასრულდება ორი კორპუსი. გარდა ამისა, ვიწყებთ 6 კორპუსის მშენებლობას. რაიონულ საავამდყოფოში მცხოვრები დევნილების მძიმე საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ეს ხალხი ბინების მიღების დროს“, - განაცხადა ჩილაჩავამ.



რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები ორი დევნილი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოა. ისინი ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთითა და აფხაზეთში გადასვლით იმუქრებოდნენ. მათი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს.

„თუ ჩვენ ვინმეს ვაშანტაჟებთ, მობრძანდნენ და ნახონ, როგორ მდგომარეობაში ვართ. გადავალთ აფხაზეთში თეთრი დროშით, მშვიდობის ნიშნად. მირჩევნია, აფხაზეთში ტყვიამ მომკლას, ვიდრე ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობის ქვამ“, - უთხრა ჟურნალისტებს ტარიელ ქობალიამ.




დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გუშინ ზუგდიდში ყოფნისას, რადიო "ათინათის" კითხვის პასუხად, რომელიც რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილებს ეხებოდა, თქვა, რომ დევნილები შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. მისივე თქმით, ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. განაწილება ხდება მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში, ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა.



ენგურის ხიდზე იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელიც, რომელიც დევნილებს დალოდებისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნულ შენობაში, სადაც დევნილები 20 წელია ცხოვრობენ, ბოლო კვირების განმავლობაში, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში იატაკი ორჯერ ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ამავე თემაზე: 

დევნილები საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ

დევნილები ენგურის ხიდზე აქციას მართავენ


Print