ახალი ამბები
ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს
ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე, სათამაშო მოედანს ბეტონის სარტყელი შემოავლეს. ამის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა განათავსეს. სარეკლამო ბანერების განსათავსებლად ბეტონის კედლის აშენებამ მათი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ბეტონის სარტყელი ფეხბურთელების უსაფთროებასა და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.



“ფეხბურთისთვის მაინც არ გიყურებიათ?“, „სტადიონი ვერ ააშენენ“, “ამას რომ ფეხბურთელი შეეჯახება, იქვე დაამთავრებს კარიერას“, - წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.

თავის მხრივ, სამშენებლო კომპანია დაგში, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს, აცხადებენ, რომ ისინი მშენებლობას პროექტის მიხედვით ახორციელებენ.



„სამუშაოები ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც პროექტშია ასახული, მათ შორისაა, რკინა ბეტონის სარტყელის შემოვლება. რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა ეს სტანდარტებს. ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ კომპანია „დაგში“.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერი მოგვიანებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში სრულდება, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.


ფოტო: სოციალური ქსელიდან

Print