რეგიონი
კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათისა“ და სიდას წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) ორგანიზებით, ხობში წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარეს. მისი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ქალი ამომრჩევლების პრობლემების გამოვლენა იყო. გამოკითხვაში მონაწილეობა, ხობში მცხოვრებმა ქალებმა მიიღეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ კითხვარები შეავსეს, რომლის მიხედვით, სამი პრიორიტეტული საკითხი გამოვლინდა, მათ შორის, წყალმომარაგების ქსელის გაუმართაობა და უპატრონო ძაღლების არსებობა.


„არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრობლემები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ. ხობში ქალები საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ გამოკითხვაში და ის პრობლემების დაასახელეს, რისი მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა „ათინათის“ წარმომადგენელმა აკაკი კოროშინაძემ.


აღნიშნული კვლევის შედეგებს სიდა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს პრეზენტაციის სახით წარუდგენს. რეგიონული ქსელი ასევე დააკვირდება თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები კანდიდატებისა და პარტიების საარჩევნო პროგრამებში.


სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს სიდას ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.






Print