რეგიონი
პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი: ბათლომე შელია "ევროპულ საქართველოს" ატყუებს (ვიდეო)
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გოგიტა ბიგვავას მტკიცებით, „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ბათლომე შელია საკუთარ პარტიას ატყუებს. მისი თქმით, შელია მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ევროპული საქართველოს" სიის პირველი ნომერი ბათლომე შელია საკუთარი მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას წინააღმდეგაა და დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მუშაობს. ის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხალხს ეუბნება, რომ მხარი არ დაუჭირონ ლელა ქებურიას და ხმა მისცენ დომენტი სიჭინავას. ამით ის ფინანსურ სარგებელს პოულობს. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ქალბატონმა ლელა ქებურიამ“, - განაცხადა გოგიტა ბიგვავამ.

აღნიშნულთან დაკავშრებით რადიო „ათინათი“ ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს ლელა ქებურიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს არასერიოზული განცხადებაა და მას სხვა კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომრის ბათლომე შელიას განმარტებით, ის „ერთუჯრედიანი ვითომ პოლიტიკოსების და პარტიების კლოუნადაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“.

მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები დომენტი სიჭინავასთან თანამშრომლობასა და ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. 

Print