ახალი ამბები
გაუჩინარებულის მშობლები: ყველაფერს გავიღებთ, ოღონდ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ (ვიდეო)
„არაფერს ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ, ამისთვის ყველაფერს გავიღებთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ 5 წლის წინ ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მამამ.

აბულაძის მშობლების თქმით, ინფორმაციას მათი შვილის გაუჩინარების შესახებ სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მალხაზ პაჭკორია ფლობს.



„ვეცადეთ პაჭკორიასთან შეხვედრას, მაგრამ მან გვითხრა, არ ვიცნობ გოგიტა აბულაძეს და არაფერი ვიციო. გვინდა გავიგოთ, ცოცხალია თუ მკვდარია ჩვენი შვილი, უკევ მეექვსე წელია ვეძებთ. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ასე გვატყუებენ. მთავრობის წარმომადგენლებსაც შევხვდით, გვითხრეს, გვაცადეთო. ვზივართ და ველოდებით, იქნებ ვინმე მოვიდეს და რამე ინფორმაცია გვითხრას ჩვენს შვილზე“, - თქვა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ.



შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები აქციას გუბერნიის წინ მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დასრულება და სიმართლის გარკვევაა. მათი თქმით, გამოძიებას ხელს სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უშლის, რომელიც ამჟამად თბილისში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე ხუთი წლის წინ სახლიდან სამასახურში - სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".

ამავე თემაზე:


გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები გუბერნიის წინ აქციას მართავენ
Print