რეგიონი
12 წლის ხელოვანის თავისუფალი სივრცე (ვიდეო)
გიგა სიჭინავას მშობლებმა საკუთარი სახლის ეზოში სახელოსნო მოუწყეს. თორმეტი წლის ხელოვანი ხუთი წლის ასაკიდან ხატავს, ძერწავს და მუყაოს ქაღალდიდან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებს. დედის ნათია სახოკიას თქმით, მათი მიზანი იყო შვილისთვის მყუდრო გარემო შეექმნათ, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააკეთებდა.

„მშობლებმა გადაწყვიტეთ, რომ გიგას ჰქონოდა სივრცე, სადაც ექნება საკუთარი სამუშაო ოთახი. იმუშავებს დამოუკიდებლად და ამასთნ გამართავს გამოფენებს. ასევე ის აქ მიიღებს ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ასეთი სამუშაო გარემო. აქამდე გიგას გამოფენების მოწყობაში ზუგდიდსა და თბილისში ასოციაცია „ათინათი“ და ადგილობრივი მთავრობა ეხმარებოდა“, - აღნიშნა ნათია სახოკიამ.


სახელოსნოს გახსნას ნორჩი მხატვრის ხელოვნების მასწავლებელი ნინო ჟვანიაც ესწრებოდა. მისი თქმით, გიგა ნიჭიერი მხატვარია და მას მხოლოდ მცირედ დახმარებას უწევს.


„გიგა კარგად აღიქვა ფერებს... მან ზუსტად იცის რისი დახატვაც სურს. მოსწონს იმპრესიონიზმი და მე-19 საუკუნის მხატვრები. ეს მის ნამუშევრებშიც აისახება“, - თქვა ნინო ჟვანიამ.


სახელოსნოს გახსნას გიგა სიჭინავას კლასელები, მეგობრები, მათი მშობლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.




Print