არჩევნები
ენმ: სოფელ კახათში ე.წ. მაყურებელი საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს (ვიდეო)
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ანი წითლიძის ინფორმაციით, სოფელ კახათში ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია, საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა. მისივე თქმით, ის #50-ე უბნიდან მათი პარტიის წარმომადგენლების გამოყვანას ცდილობს, მანამდე კი კახათის სხვა საარჩევნო უბნებზეც იმყოფებოდა.

„გუგუჩია ეუბნება ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ დაუჭირონ მხარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს არის „არაქურდული“ პარტია, მას შემდეგ, რაც მათ გაუკეთეს ე.წ. ქურდულ სამყაროს და ვინც ხმას მისცემს ამ პარტიას, კახათში ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა წითლიძემ.

ბრალდებები უარჰყვეს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში. ადგილზე იმყოფებოდა მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელმაც განაცხადა, რომ “მსგავს სისულელეზე” კომენატრს არ გააკეთებს. ჟურნალისტებს ესაუბრა მამუკა წოწერიაც, რომლის მტკიცებით, ენმ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ეს არის დამარცხებისთვის განწირული პარტიის განცხადებები. არავითარი მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება არ ხდება“, - თქვა წოწერიამ.



Print