ახალი ამბები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ქარდავას ყალბი პასპორტები აღმოაჩნდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქარდავას თან სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი ჰქონდა.

„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის - ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა. ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეგის ქარდავა 5-წლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ამავე თემაზე:

მეგის ქარდავას ოჯახი: მეგისის დაკავების შესახებ ტელევიზიით შევიტყვეთ

მეგის ქარდავას დაკავების ფაქტი პროკურატურამ დაადასტურა

Print