ახალი ამბები
“ანაკლია სითი“ კორეულ კომპანიასთან ითანამშრომლებს
„ანაკლია სითიმ“ კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის „პანტოს ლოგისტიკის“ წარმომადგენელები საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობების შესწავლას დაიწყებენ.

ხელმოწერის ცერემონიაზე, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, პროექტის ხელმძღვანელებმა დეტალურად ისაუბრეს პორტისა და ანაკლიის ეკონომიკური ზონის პროგრესზე და შესაძლებლობებზე.

„ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ანაკლიის განვითარებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასევე გამოიწვევს დამატებით სხვა კორეულ და საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რომ დავაინტერესოთ მულტინაციონალური კომპანიები საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობების გასახსნელა“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„პანტოს ლოგისტიკი“ სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშობს. ორგანიზაცია 2500 კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვებშია ჩართული. წარმომადგენლობა მსოფლიოს 349 გლობალურ ქსელთან ურთიერთობს.

Print