რეგიონი
იური კვარაცხელია ფაროსანაზე: გუდაუთის რაიონს 2018 წელს კატასტროფა ელოდება
გუდაუთის რაიონში აზიურმა ფაროსანამ მანდარინის და თხილის მოსავლის 50% გაანადგურა. სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელმა იური კვარაცხელიამ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა, რომ გასულ წელს მავნებელი რაიონში არ ფიქსირდებოდა, წელს კი თითქმის ყველა სოფელში გავრცელდა. მან აღნიშნა, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამარაგებდა გუდაუთის რაიონს შხამქიმიკატებით სხვადასხვა მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად, წელს ამ სიას აზიური ფაროსანაც დაემატა. მისი თქმით, არსებული მარაგით შესაძლებელია ათასი ჰექტარი მიწის დამუშავება. ამავე ინფორმაციით, გუდაუთის რაიონში სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს და სათიბებს, დაახლოებით, 5, 5 ჰექტარი უკავია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საშუალებები ეფექტურია მხოლოდ ინკუბაციის პერიოდში გაზაფხულსა და ზაფხულში, მანამდე კი მათი გამოყენება მიზანშეწონილია დახურულ შენობებში, სადაც მავნებელი ზამთრის პერიოდში იყრის თავს“, - თქვა კვარცხელიამ.

სპეციალისტის პროგნოზით, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ფაროსანას რაოდენობა შემცირდება, ხოლო გუდაუთის რაიონს, იმ შემთხვევაში, თუ ზომებს არ მიიღებენ, კატასტროფა ელოდება. მან ხაზი გაუსვა ქიმიკატების გამოყენების წესების მკაცრად დაცვის აუცილებლობას და განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ზარალი, შესაძლოა, მეფუტკრეობას მიადგეს.

Print