ახალი ამბები
ევროკავშირი აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანების უფლებების დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“ მიესალმება და განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას.

„ევროკავშირი გმობს ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებისა, ადგილზე მდგომარეობა კვლავ უარესდება.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის გაძლიერების გამო და აღნიშნავს, რომ გაიზარდა მონაკვეთი, სადაც გავლებულია მავთულხლართები, ასევე დამონტაჟებულია სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა ბარიერები... უფრო მეტიც, ახალი "წესების" შემოღებამ, რაც სხვა საკითხებთან ერთად აღრმავებს აფხაზეთის გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის დოკუმენტაციის პრობლემას, კიდევ უფრო გაამძაფრა ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც შეზღუდული წვდომა ძირითად უფლებებსა და მომსახურეობაზე.

ევროკავშირი მოუწოდებს ეფექტიანი კონტროლის მქონე ძალას, მოხსნას ყველა შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილებისთვის, თავიდან აიცილოს უკანონო დაკავებები, მათ შორის ე.წ „საზღვრის უკანონო კვეთის“ კონტექსტში, აგრეთვე თავიდან აიცილოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას გამშვები პუნქტები, ადგილზე გამოიძიოს ყველა დანაშაული და ადამიანის უფლებათა დარღვევა.

განათლების უფლება უნდა იყოს გარანტირებული და უზრუნველყოფილი ყველასთვის, მათ შორის საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთის რეგიონში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას ორივე რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუერთდებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, ხელი შეუწყონ ბავშვთა განათლების უნივერსალური უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლების პატივისცემას.

ევროკავშირი კვლავ გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გრძელდება რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებები და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესვლა რეგიონებში“, - ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Print