ახალი ამბები
საიას ზუგდიდის ოფისმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივ ოფისში გამართა. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციას სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, რომელსაც იურიდიული და სამართლებრივი კონსულტაციები გაეწია.

„2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით 37 წარმოებული საქმიდან 13 შემთხვევაში სასამართლო პროცესი მოვიგეთ, 3 წარუმატებელი იყო, 21 კი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გვქონდა აქტიური გასვლითი შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით. ვატარებდით საინფორმაციო აქციებს, მრგვალ მაგიდებსა და სხვა აქტივობებს. ასევე, ოფისში ფუნქციონირებს სტაჟირების პროგრამა და საკვირაო სკოლა“, - აღნიშნა ჭკადუამ.

საიას რეგიონული ოფისების კოორდინატორმა მზია გოჩელაშვილმა ზუგდიდის ორგაზიაციას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი საქმიანობა წარმატებულად შეაფასა.

„ოფისი სწრაფად რეაგირებდა ყველა წამოჭრილ პრობლემასა და საკითხზე და ყურადღების მიღმა არ დარჩენია არცერთი მნიშვენლოვანი ამბავი“, - თქვა გოჩელაშვილმა.

შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საიას ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისმა მუშაობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.

Print