რეგიონი
ნაურუს პრეზიდენტი სოხუმში ჩავა
ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა აფხაზეთს ესტუმრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ოფიციალური ვიზიტი“ 12-13 ნოემბერს გაიმართება.
„რაულ ხაჯიმბა და ბარონ ვაკა მოლაპარაკებებს გამართავენ. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ნაურუს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: ჯანდაცვის მინისტრი ჩარმინ სკოტი, პრეზიდენტის მრჩეველი მილტონ დიუბი, ნაურუს ელჩი გაეროში მარლენ მოუზესი.

ნაურუს დელეგაცია პარლამენტის სპიკერის სირილ გურამანის ხელმძღვანელობით სოხუმში პირველად 2016 წელს იმყოფებოდა. მაშინ მხარეებმა „მთავრობათაშორის“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბოლოს ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკის წარმომადგენლები აფხაზეთში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდნენ.
Print