რეგიონი
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ამერიკელი პარტნიორები საქართველოში იმყოფებიან
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, ამერიკული კომპანიის "SSA Marine-ს" ვიცე-პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. ისინი ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმებს „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის" მენეჯმენტთან ერთად განიხილავენ.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში შეხვდებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ხოლო ანაკლიაში პორტის პროექტის ტერიტორიას ეწვევიან.

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. ჩვენ დღეიდან პორტის გაშვებამდე დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში“, - განაცხადა "SSA Marine-ს" ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

„SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ ის მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა. „SSA Marine-ი“ ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

Print