რეგიონი
ზუგდიდის სამშობიაროები ახალშობილთა სმენის სკრინინგის უფასო პროგრამაში ჩაერთვებიან
2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება, ახალშობილთა სმენის სკრინინგი განახორციელოს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც მხოლოდ თბილისს და ბათუმს მოიცავდა, იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოსა (ზუგდიდი) და გურიის რეგიონები ჩაერთვებიან. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.

"როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემა ვერ იქნება ეფექტური, თუ ახალშობილთა სმენის სკრინინგი ქვეყნის მთელი მასშტაბით დაბადებული თითოეული ბავშვისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 1-ელი მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება განახორციელოს ახალშობილთა სმენის სკრინინგი", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

პროექტს "სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა" ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ველფეარ ფაუნდეიშენ", "სთეფ ფორვარდ"-თან, "თანაზიარსა" და "თაირის"-თან ერთად. პროექტის ასოცირებულ პარტნიორებს კი წარმოადგენენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი.

Print