რეგიონი
სოხუმი მოითხოვს არ დაუშვან შოტლანდიაში აფხაზ მეომართა მემორიალის განადგურება
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზ მეომართა მემორიალის შენარჩუნების მოთხოვნით გავრცელებულ პეტიციასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ 13 ნოემბრის მონაცემებით, პეტიციას 1700 – ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

აფხაზური მხარე გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

“დიალოგი მიმდინარეობდა თითქმის მთელი თვის განმავლობაში. დღეს ეს მემორიალი უკვე მოხსნილია. მისი დემონტაჟი მოხდა საქართველოს საელჩოს ძალიან აქტიური ძალისხმევით, ედინბურგში ჩემი ვიზიტის შემდეგ, როდესაც გვქონდა შეხვედრები შოტლანდიის მთავრობასთან, სერიოზული ჩართულობა იყო ქალაქ კილნმარნოკში ხელისუფლებასთან”, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.  მისი თქმით, ქართულმა დიპლომატიამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენოს.

აფხაზეთის “სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ რუსეთის ფედერაციაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ასევე ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს, იუნესკოს გენერალურ მდივანს და სხვა სამართალდამცავ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით, არ დაუშვან აღნიშნული ძეგლის გადანადგურება.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის ნაბიჯებს ისინი აფასებენ, „როგორც ვანდალიზმის აქტის ხელშეწყობას და თანამედროვე ისტორიის ობიექტური ფაქტების ფალსიფიცირების მცდელობას.“


Print