რეგიონი
ენმ-ის წევრებმა კორცხელის საქმეზე ბრალდებულები ვერ ამოიცნეს
კორცხელის საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კიდევ 10 მოწმეს მოუსმინეს. ბრალდების მხარეს დღეს 20 მოწმის დაკითხვა ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა პროცესზე მხოლოდ ნაწილი გამოცხადდა. მათგან ხუთი აღნიშნულ საქმეზე შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფის გამომძიებელი იყო.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ჩვენების მიხედვით, მათ ამ საქმესთან დაკავშირებით, რამოდენიმე ნივთმტკიცება ამოიღეს. მათივე თქმით, გამოკითხვების, ფოტო-ვიდეო მასალის და პირადი წყაროების გამოყენებით, ექვსი პირის იდენტიფიცირება მოახერხეს.

მათი მტკიცებით, ესენი იყვნენ სხდომის დარბაზში მყოფი ბრალდებულები: გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური, ვლადიმერ გეგეშიძე და გიორგი ტყემალაძე.

გამომძიებლებს დაცვის მხარემ ჰკითხა, რატომ ვერ მოახერხეს 6 ადამიანის გარდა სხვა პირების იდენტიფიცირება, რაზეც მათ უპასუხეს, რომ საქმეში არსებულ ვიდეომასალებში აღნიშნული პირები აქტიურობდნენ.

გარდა გამომძიებლებისა, დღევანდელ პროცესზე კორცხელის მკვიდრი ალექსი ლაშხია დაიკითხა, რომელმაც ინციდენტის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო. მან სასამართლოს განუცხადა, რომ ინციდენტის მონაწილეები არ ახსოვს და მათი ამოცნობა არ შეუძლია.

„ქუჩაში ხმაური იყო. მითხრეს, რომ ჩემს ბიძაშვილს ეჩხუბებოდნენ, როდესაც მოვედი ვნახე რომ მას ურტყამდნენ, დასახმარებლად მივედი. როცა ხელი მოვკიდე, მეც ვიგრძენი ზურგის არეში დარტყმა, შემდეგ კი დავეცი. როცა საავადმყოფოში მიმიყვანეს, მითხრეს, რომ ცხვირისა და სახის არეში მქონდა მოტეხილობა“, - თქვა მან.

ასევე მოწმის სახით დაკითხულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლევან კონჯარიამ სხდომაზე განაცხადა, რომ მას და მისი პარტიის წევრებს 15-მდე ადამიანი სცემდა, თუმცა მათი ამოცნობა არ შეუძლია.

„ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და ენმ-ის ლიდერების მიმართ პროვაკაციულ გამონათქვამებს იყენებდნენ. ჩვენს მოპირდაპირედ 40-50 კაციანი ჯგუფი იდგა, რომლებსაც კომუნიკაცია ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან. აქედან გამომდინარე, ვივარაუდეთ რომ ერთად იყვნენ. აღნიშნული ჯგუფს 10-15 კაცი გამოეყო და ნიკა მელისთან მოვიდნენ, თავდაპირველად საუბრობდნენ, შემდეგ კი მელიას ხელი დაარტყეს. ამის შემდეგ კი ატყდა ჩხუბი“, -აღნიშნა კონჯარიამ.

ენმ-ის სხვა დაკითხული მოწმეებიც კონჯარიას მსგავსად აცხადებენ, რომ მათ დაპირისპირებული მხარის ამოცნობა არ შეუძლიათ. თუმცა, ერთ-ერთმა თქვა, რომ უბანთან მყოფ სპორტული აღნაგობის პირებს შორის ვლადიმერ გეგეშიძე ამოიცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა მონაწილეობდა თუ არა ის კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

შემდეგი პროცესი 28-29 დეკემბერს ჩაინიშნა. მომდევნო სხდომაზე წერილობითი ჩვენების განხილვა გაიმართება.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის - ორი პოლიციელი.





Print