ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს. წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი სხდომები 9-ვე მუნიციპლიტეტში გაიმართა. ახალარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეებიდან 4 წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა.

გასულ კვირას აირჩიეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია, რომელიც ამ დრომდე გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა წოწერია


ხობში წარმომადგენლობით ორგანოს ხმათა უმრავლესობით ედიშერ ჯობავა უხელმძღვანელებს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.



ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა


წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია აირჩიეს მარტვილშიც, ისევე, როგორც წალენჯიხასა (თემურ ღვინჯილია) და ჩხოროწყუში (ბესიკ ესებუამ).

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, წარმომადგენლობით ორგანოს აბაშაში ყოფილი გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, სენაკში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე კახაბერ რუსია უხელმძღვანელებენ.



სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია


თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს კი ყოფილი მერი ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს, ხოლო მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე გახდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართა.

Print