რეგიონი
ტყვარჩელში ინსცენირებული თავდასხმის მონაწილეები დააკავეს
აფხაზმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირები, რომლებსაც ბრალი ედებათ 2015-16 წლებში ჩადენილ რიგ დანაშაულში, წერს „აბხაზია ინფორმი“.  გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 21 აგვისტოს მუხურისა და ოქუმის საზღვარზე, ორმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანა „გაზელს“, რომელსაც მუხურის მცხოვრები ნიკა გერგედავა მართავდა. შედეგად, თავდამსხმელებმა ფიზიკურად ანგარიშსწორების მუქრით, მანქანაში მყოფ ორ მგზავრს, სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრებს, 407 000 რუბლი გამოსძალეს და ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც აღმოჩნდა, ზემოთ აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება, „გაზელის“ მძღოლმა ნიკა გერგედავამ მოაწყო, რაშიც მას თანამზრახველები, მისი ძმა - გიორგი გერგედავა და მეგობარი - ანრი ღვინჯია დაეხმარნენ.  

გამოცემის ცნობით, გიორგი გერგედავა და ანრი ღვინჯია დააკავეს, ისინი დანაშაულს აღიარებენ, ხოლო თავდასხმის ორგანიზატორზე, ნიკა გერგედავაზე ძებნაა გამოცხადებული. მას ბრალი წინა წლებში ჩადენილ სხვა დანაშაულებშიც ედება. საქმეს ტყვარჩელის რაიონის პროკურატურა იძიებს.

Print