ახალი ამბები
არა ქალების მიმართ ძალადობას - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრმა“ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრასპარანტები წარწერით: „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „დაიცავი ჩვენი შრომით უფლებები“, „სტერეოტიპები მკლავს“. მათი თქმით, საქართველოში ამ კუთხით საგანგაშო სტატისტიკაა.

„ჩვენი ქალაქი ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კვირეულს და ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებას, რათა ეს პრობლემა გახდეს უფრო აქტუალური. წლევანდელი კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ ერთად შევაჩეროთ ძალადობა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები მოწყვლად ჯგუფებად იქცნენ“, - აღნიშნა "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.



დღევანდელ აქციას „თანასწორობის მოძრაობა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"განსაკუთრებით ვგმობ ტრანსგენდერი, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების მიმართ ძალადობას, რადგან ისინი, თითქოს, უხილავები არიან და საზოგადოება საერთოდ არ საუბრობს მათ პრობლემებზე", - თქვა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ.

საკრებულოს წევრის ეკატერინე კიფაიას თქმით, თვითმმართველობა ამ მიმართულებით მუშაობას გეგმავს, რისთვისაც პირველ ეტაპზე საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნება.

Print