ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლინების საპილოტე პროგრამა იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთში, ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრაის ფარგლებში აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე გაკეთდება.

პროგრამა ჯანდაცვის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინეს.

გამყრელიძის განცხადებით, ადგილობრივ მთავრობასთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებამ, ასევე სამივე დაავადების შედარებით მაღალმა გავრცელებამ განაპირობა პილოტური პროგრამის განხორციელებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის შერჩევა.



აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვნია რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რაზეც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მზაობა გამოთქვა.

პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე, ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო/კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ჰორიზონტალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პაციენტების აქტიური გამოვლენა და მათი მკურნალობაში ჩართვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სამივე დაავადების შემთხვევაში.



პრევენციის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. ქვეყანას ეძლევა რეკომენდაცია უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების პირთა სულ ცოტა 90%-ის გამოკვლევა ტუბერკულოზზე, აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტზე. პილოტური პროექტის ფარგლებში აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

პროგრამა აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია




Print