რეგიონი
"მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე"- აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ორგანიზებით, ზუგდიდში აქცია სახელწოდებით „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“ გაიმართა. ამასთან, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დარიგდა. აღნიშნული ღონისძიება შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. გარდა ამისა, ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოსახლეობას აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე უფასო ტესტირება უტარდება.

ტესტირება ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამაც ჩაიტარა და მოსახელობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ინფექციონისტ ლალი დარახველიძის თქმით, დაავადების გავრცელებისა და ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ თბილისის შემდეგ, სამეგრელო მეორე ადგილზეა.

„დღეს შესაძლებელი გახდა აივ / შიდსის მართვა და ეს არის უდიდესი მიღწევა. სამეგრელო-ზემო სვანეთს ემსახურება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, ამ ეტაპზე აღრიცხვაზე არის 580 ადამიანი. აქედან, 325 პაციენტი მკურნალობას გადის”, - აღნიშნა მან.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.



Print