ახალი ამბები
გუბერნია ერთ ჯიპში 13 ძველ ავტომობილს ცვლის
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 30 ნოემბერს ავტომობილის შესაძენად 115 600 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გუბერნიის ადმინისტრაცია ერთ ახალ ან მეორად (არაუადრეს 2016 წლისა) მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს სატრანსპორტო საშუალებებით ანაზღაურების (ჩანაცვლების) გზით შეისყიდის.

გუბერნატორის ადმინისტრაციის მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ მეორადი ავტომანქანის შეთავაზების შემთხვევაში ავტომანქანა უნდა იყოს შესაბამისი სერვისცენტრის საგარანტიო მომსახურებაზე, არანაავარიები და ძალიან კარგ მდგომარეობაში.

სატენდერო დოკუმენტაციას თან იმ 13 ავტომობილის ფოტო ახლავს, რომლითაც ახალი ავტომანქანა ჩანაცვლდება.




გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ავტოპარკის განსაახლებლად ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შესაბამისმა ექსპერტიზამ ავტომობილების ღირებულება შეაფასა.

„13-ვე ავტომობილი არის გაჩერებული, ფაქტობრივად, ჯართია. თუკი რომელიმე კომპანია მათ სანაცვლოდ ახალ ავტომობილს გადმოგვემს, ნამდვილად მისასალმებელია. ახალი ავტომობილ იქნება არა რომელიმე კონკრეტული პირის საკუთრება, არამედ გუბერნიის ბალანსზე“, - ამბობენ ადმინისტრაციაში.




რაც შეეხება ავტომობილს, რომლითაც ლევან შონია გადაადგილდებოდა, პრესსამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება, საიდანაც იყო ნათხოვარი.

ელექტრონული ტენდერში წინადადების მიღება 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.



Print