ახალი ამბები
პატრიარქი რუსეთის ეკლესიას: აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მომზადებულ სიტყვაში აფხაზეთსა და ცხინვალში ვითარების შეცვლი აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სიტუაციის განსამუხტად ორი ქვეყნის ეკლესიების მეგობრობა საკმარისი არ არის.

"აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთ-საქართველოს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს... როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ – ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის. ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები," - აღნიშნულია პატრიარქის სიტყვაში.

მიმართვის ბოლოს ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს კიდევ ერთხელ მიულოცა საიუბილეო თარიღი.

Print