რეგიონი
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის მსხვერლი ქალების თავშესაფრის პრეზენტაცია გაიმართა. თავშესაფარი, რომელიც რეგიონში პირველია, ასოციაცია "მერკურმა" პოლონელ პარტნიორებთან ერთად გახსნა. ასოციაციის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, სახლში, რომელიც 12 ბენეფიციარზეა გათვლილი, ქალები საკუთარ შვილებთან ერთად შეძლებენ დარჩენას.

"უკვე ორი წელია, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა მიმდინარეობს. ახლა კი თავშესაფარი მზად არის ბენეფიციარების მისაღებად. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის, პოლიციასთთან, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან", - აღნიშნა თოდუამ.



პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის HumanDoc Foundation-ის კოორდინატორის დომენიკა სპრინგერის თქმით, თავშესაფრის გახსნა პრიორიტეტული იყო, რადგან სამეგრელოს რეგიონში მსგავსი დაწესებულება არ არსებობდა.

თავშესაფრის ზუსტ ადგილმდებარეობას ორგანიზატორები ბენეფიციარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებენ. შენობის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული, მისი სპონსორი კი შპს "ბეიბი ლაინია".

შეხვედრას მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print