ახალი ამბები
ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული კურორტი გაიხსნა
დღეს სვანეთში ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. თეთნულდზე, რომელიც მესტიის აეროპორტიდან 20კმ-ში მდებარეობს, 5 საბაგირო მოქმედებს. 9 სათხილამურო გზის საერთო სიგრძე კი 30 კმ-ია.

სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 40 მილიონ ევრო (დაახლოებით 95 მილიონ ლარი) შეადგინა. ის საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების თანამშრომლობით განხორციელდა. "თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).

რაც შეეხება ჰაწვალს, ის მესტიიდან 8 კილომეტრშია და 5 სათხილამურო გზას მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს უდრის. გზები მოყვარულებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის გათვლილი.

ორივე კურორტზე საბაგირო ყოველ დღე 10:00სთ-დან 16:00-მდე იმუშავებს.




საბაგირო გზა კი, რომელიც მესტიას და ჰაწვალის სათხილამურო კურორტს დააკავშირებს, 23 დეკემბერს გაიხსნება. ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. საბაგირო გზის სიგრძე 1200 მეტრია.

Print