ახალი ამბები
საქართველოს რეგიონებში ინგლისურს უფასოდ ისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის დადებული სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, სხვადასხვა რეგიონში ინგლისურ ენას უფასოდ ისწავლიან.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოგვეცვა მთელი საქართველო. ექვსი რეგიონიდან ერთ-ერთია ორსანტია, ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელი, სადაც ინგლისური ენის უფასო კლუბი იანვრიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოში ზაზა ფურცელაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში ინგლისური ენის ექვსი კლუბი მოეწყობა. კლუბებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, უსასყიდლოდ დაესწრებიან გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეო მასალით და მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

კლუბებში მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ-სემინარები. ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსის ჩატარდება და 22 მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

შეთანხმებას განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს ხელი.



Print